Tuesday, November 18, 2014

დათო ტურაშვილი ,,ჯინსების თაობა"

,,მანამდე კი, თხუთმეტი წლით ადრე, 1983 წლის 18 ნოემბერს, წარუმატებლად გატაცებული და თბილისის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავის ღია  კარში ,,ლიმონკით" ხელში იდგა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც წვიმის წვეთები უსველებდნენ სახეს საშინელი აღსასრულის მოლოდინში".

ამ სიტყვებით იწყება დათო ტურაშვილის კინორომანი ,,ჯინსების თაობა", რომელიც ავტორმა 2008 წელს გამოსცა ,,შავი კეტებისა" და ,,ჩაძირული ქალების ღამის" შემდეგ. დღეისათვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები კი თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის პერიოდიკაში.

წიგნი ეფუძნება რეალურ ამბავს და მოგვითხრობს 1983 წლის ტრაგიკულ მოვლენებზე. რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცებასა და ამ გზით ამერიკაში მოხვედრას გადაწყვეტს. ცდილობენ გაექცნენ ამ რეჟიმის მარყუჟებს და თავისუფლება მოიპოვონ. თუმცა მათი მცდელობა, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის.  ამის მიზეზი კი მათი გულუბრყვილო გეგმა და იმპულსური ხასიათი გახდა. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯეა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო.

Tuesday, November 4, 2014

ჯეკ ლონდონი ,,მარტინ იდენი"


,,ზედმეტად ბევრს წერენ ის ადამიანები, რომელთაც წერა არ შეუძლიათ, იმ ადამიანებზე, რომლებიც კარგად წერენ". ამ სიტყვების ავტორი ამერიკელი მწერალი ჯეკ ლონდონია, მისი ნამდვილი სახელი კი ჯონ გრიფიტი გახლავთ. ეს ის ადამიანია, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლა დროის ფუჭ ხარჯვად ჩათვალა და დამოუკიდებლად მიიღო კოლოსარული განათლება.ლონდონის მოთხრობები სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ მათში ასახულია მწერლის ცხოვრებისეული ნიუანსები.
სწორედ მისი ცხოვრების გამოხმაურება გახლავთ ჯეკის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი ,,მარტინ იდენი". მარტინი თავისი საუკუნის მსხვერპლია, მსგავსად მწერლისა. გროშებისათვის წერს გასართობ მოთხრობებს, პამფლეტებს, პოემებსაც კი; იძულებულია დაახურდაოს და დააწვრილმანოს თავისი ნიჭი, იმ იმედით, რომ ერთ დღესაც წარმატებას მიაღწევს. მარტინ იდენს ავტორივით აწუხებს რეალობა, როცა იგი მარტო რჩება მაღალი ბოროტი საზოგადოების პირისპირ. მისი სურვილი კი მხოლოდ იმ ჭაობიდან ამოსვლაა სადაც თვითონ და მისი და ცხოვრებენ.

Saturday, November 1, 2014

გრიგოლ რობაქიძე ,,დემონი და მითოსი"

გრიგოლ რობაქიძე ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეს იყო ადამიანი, რომელიც სამშობლოს განთავისუფლებისათვის თავგანწირვით იბრძოდა, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენლეთა მხრიდან. თუმცა ამ გარემოებას მისი უკვდავი შემოქმედებისათვის ხელი არ შეუშლია.
გრიგოლ რობაქიძის კალამს ეკუთვნის  ესეების ბრწყინვალე კრებული ,,დემონი და მითოსი", რომელიც 1935 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კრებულმა საქართველოში დიდი აღშფოთება გამოიწვია, მწერალი კი ,,ხალხის მტრად" შეირაცხა.