![]() |
მადონა ლუიზა ჩიკონე იგივე მადლონა გახლავთ ამერიკელი დენს-პოპ მომღერალი
და კომპოზიტორი, მოცეკვავე, მუსიკალური- და კინოპროდიუსერი და მსახიობია.
ცნობილია ინოვაციური მუსიკალური ვიდეოებითა
და საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით. ასევე, საკუთარ შემოქმედებაში
სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის
გამოყენებით. ჩვეულებრივ, მას „პოპის დედოფალს“ უწოდებენ.
მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით, „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად“ დაასახელა, ხოლო 2007 წელს, იგივე „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა" და მუსიკალურმა ჟურნალმა „ბილბორდმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად“ აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერეს „მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე“ მისმა მსოფლიო ტურნემ „Confessions Tour“-მა ორგანიზატორებს 260.1 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.
მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა ბეი სითიში, მიჩიგანი, აშშ. იგი მესამე ბავშვი იყო კრაისლერის ინჟინრის, იტალო-ამერიკელი სილვიო „ტონი“ ჩიკონეს და კვებეკელი მადონა ლუიზა ფორტინის რვაშვილიან ოჯახში (მისი დედმამისშვილებია: მარტინი, ენტონი, ქრისტოფერი, პაულა, მელანი, მარიო და ჯენიფერი).
ის დეტროიტის პერიფერიებში — პონტიაკსა და ეივონ თაუნშიფში (ამჟამად როჩესტერ ჰილზი), კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე — ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.
მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს — ქრისტოფერ ფლინს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა. პარალელურად, იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი და მხარდამჭერი რაზმის წევრი იყო.1982 წელს მადონამ შეერთებულ შტატებში, ხმისჩამწერ კომპანია „საია რეკორდსთან“ (ახალი ტალღის ლეიბლი, რომელიც „უორნერ ბრაზერს რეკორდსს“
ეკუთვნოდა) სინგლების გამოშვებაზე კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ მას თითო
სიმღერისთვის 5 000 აშშ დოლარი გადაუხადა. მადონას პირველმა სინგლმა „Everybody“, რომელიც მომღერალმა თვითონვე დაწერა და რომლის პროდიუსერიც მარკ კამინსი იყო, „ბილბორდის“ საუკეთესო საცეკვაო და საკლუბო მუსიკის ჰიტ-აღლუმების ლიდერად იქცა, თუმცა იმავე „ბილბორდის“ საუკეთესო ასეულში ვერ მოხვდა. ამ სიმღერას ასევე აშშ-ს რიტმ-ენდ-ბლუზ რადიოსადგურები გადასცემდნენ, რის გამოც ბევრს ეგონა, რომ მადონა შავკანიანი მუსიკოსი იყო. 1983 წელს გამოსულმა ორმხრივმა 12-ინჩიანმა ვინილის სინგლმა, რომელშიც შესული იყო „Burning Up“
და „Physical Attraction“, აშშ-ს საცეკვაო მუსიკის ჰიტ-აღლუმების
სათავეები დაიპყრო. ამ შედეგებმა „საია რეკორდსის“ ხელმძღვანელობა
დაარწმუნა იმაში, რომ ალბომის გამოშვება უნდა დაეფინანსებინათ.
წინამორბედებთან შედარებით, მადონას 1986 წლის ალბომი „True Blue“, მუსიკალური და თემატური თვალსაზრისით, გაცილებით დახვეწილი იყო, რაზეც ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ დაწერა: „მადონას ასე არასდროს უმღერია, რითაც თავის, როგორც საშუალო ფენის ამერიკელი პოპ-პოეტის, სტატუსს იმყარებს“. ალბომში შევიდა სულშიჩამწვდომი ბალადა „Live to Tell“, რომელიც მან ფილმისთვის „ახლო მანძილიდან“ შექმნა, სადაც იმ დროს მისი მეუღლე შონ პენი
მონაწილეობდა. ამასთანავე, ეს იყო პირველი ალბომი, რომელშიც მადონა
პროდიუსერის ამპლუაშიც მოგვევლინა. ის კომპოზიტორ პატრიკ ლეონარდთან
თანამშრომლობდა, რომელიც შემდგომში მისი ხანგრძლივი საქმიანი პარტნიორი და
მეგობარი გახდა. ალბომმა „True Blue“ მსოფლიოს ჰიტ-აღლუმებში პირველი
პოზიციები დაიპყრო და გამოსვლისთანავე 11-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ალბომიდან 5 წარმატებული სინგლი გამოუშვეს: „Live to Tell“, „Papa Don't Preach“, „Open Your Heart“, „True Blue“ და „La Isla Bonita“. თითოეული მათგანი აშშ-ს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, აქედან პირველი სამი ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.
ალბომის სიმღერებისთვის გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოებში გამოვლინდა, რომ მადონა კვლავ ცდილობდა, ვიდეოს შესაძლებლობები კინემატოგრაფის ხელოვნებისთვის დაეახლოვებინა, რაც არტ დირექტორის
დახვეწილ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს და კინოს ისეთ ელემენტებს
გულისხმობდა, როგორებიცაა პერსონაჟი და სიუჟეტი. მართალია, მადონას იქამდეც
ჰქონდა გადაღებული სექსუალური თვალსაზრისით გულახდილი ვიდეოები, მაგრამ
ამჯერად თავის ნამუშევრებს რელიგიური იკონოგრაფია, გენდერული არქეტიპები და
სოციალური პრობლემები დაუმატა. ეს კონცეპტები მის ნამუშევრებს მომავალშიც
ლაიტმოტივად გაჰყვება. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ
ვიდეო სიმღერისთვის „Open Your Heart“, სადაც მან პირველად ითანამშრომლა ფრანგ ფოტოგრაფ ჟან-ბატისტ მონდინოსთან.
1987 წელს მადონამ მთავარი როლი შეასრულა კომერციული თვალსაზრისით წარუმატებელ ფილმში „ვინ არის ეს გოგონა“, რომლის საუნდტრეკშიც მისი ოთხი სიმღერა შევიდა. მათ შორის იყო ფილმის სახელწოდების მქონე კომპოზიცია, რომელიც ჰიტად იქცა და აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მადონას რიგით მეექვსე ნომერ 1-ლი ჰიტი გახდა. ალბომის მეორე სინგლი „Causing a Commotion“ ასევე საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
მადონას მეცხრე სტუდიურ ალბომს „American Life“-ს,
რომლის ტექსტებშიც წამოჭრილია ამერიკული ოცნების, დიდების, წარმატების და
საზოგადოებისთვის აქტუალური თემები, განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა.
ეს ნამუშევარი თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ მომღერლის ყველაზე გაბედულ
და მუსიკალური თვალსაზრისით გამორჩეულ ალბომად, რომელშიც მადონა აქამდე
უცნობი, სერიოზული ასპექტით წარმოჩნდა. პირველი სინგლისთვის, „American Life“-ისთვის
გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ აშშ-ში სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან
მასში მრავლად იყო ომის, აფეთქებების და დაჭრილების ამსახველი სცენები.
ევროპის ტელეარხებზე ვიდეოს პრემიერამდე ერთი დღით ადრე, მადონამ მისი
ეთერში გაშვება გადაიფიქრა და ალტერნატივის სახით, დამონტაჟებული ვერსია
შესთავაზა, სადაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშების ფონზე მღერის.
აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში სიმღერა დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა და ბილბორდის საუკეთესო 100-ეულში ოცდამეჩვიდმეტე ადგილს დასჯერდა. გაერთიანებულ სამეფოში კი, მეორე პოზიცია დაიკავა.
5-მილიონიანი ტირაჟით
გაყიდული ეს ალბომი მადონას კარიერაში ყველაზე დაბალტირაჟიანი ჩანაწერი
აღმოჩნდა. ალბომიდან დამატებით სამი სინგლი გამოვიდა, რომლებიც აშშ-ს
ჰიტ-აღლუმებში ვერ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის
საუკეთესო 10-ეულებში საპატიო პოზიციებს იკავებდნენ.
მოგვიანებით, იმავე წელს, მადონამ ბრიტნი სპირსთან, კრისტინა აგილერასთან და მისი ელიოტთან ერთად, MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიალზე სიმღერა „Hollywood“
შეასრულა. გამოსვლის დროს, მადონამ ბრიტნის და კრისტინას ტუჩებში აკოცა,
რაც მომდევნო დღეების პრესის სენსაციად იქცა. შემოდგომაზე, მადონა მიწვეული
მომღერლის სტატუსით მონაწილეობდა ბრიტნი სპირსის სინგლის, „Me Against the Music“-ის ჩაწერაში.
2003 წლის შობისთვის, მადონამ გამოუშვა „Remixed & Revisited“ — რემიქსების EP, რომელშიც შევიდა ალბომ „American Life“-ის სიმღერების როკ-ვერსიები და აგრეთვე, სიმღერა „Your Honesty“, რომელიც 1994 წლის ალბომში „Bedtime Stories“ არ შესულა. „ბილბორდის“ საუკეთესო 100-ეულში ვერც ეს ალბომი მოხვდა.
2004 წელს მადონამ თავისი მსოფლიო ტურნე — „Re-Invention Tour“ დაიწყო, რომელიც აშშ-ში, კანადასა და ევროპაში
სულ ორმოცდათექვსმეტ კონცერტს ითვალისწინებდა. ტურნე 2004 წლის ყველაზე
შემოსავლიან კონცერტების სერიად იქცა და ორგანიზატორებს 125 მილიონი აშშ
დოლარი მოუტანა.ტურნეს მსვლელობისას, რეჟისორმა იონას აკერლუნდმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „ერთ საიდუმლოს გეტყვით“, რომლის დებიუტი MTV-ს ეთერში შედგა. 2004 წელსვე, მადონა „უორნერ მიუზიკ გრუპთან“ სასამართლო გარჩევებში მონაწილეობდა, რომელთან ერთადაც ხმისჩამწერი კომპანია „მავერიკის“ აქციებს ფლობდა. სასამართლო პროცესი იმით დასრულდა, რომ „უორნერ მიუზიკ გრუპმა“ მომღერლის აქციების წილი შეისყიდა.2004 წელს, ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ მადონას „ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელს“ შორის 36-ე ადგილი მიაკუთვნა. 2005 წლის იანვარში, მადონამ ჯონ ლენონის სიმღერის, „Imagine“-ის ქავერ-ვერსია შეასრულა, რაც აშშ-ს ტელევიზიით, საქველმოქმედო კონცერტის — „დავეხმაროთ ცუნამით დაზარალებულებს: იმედის კონცერტი“-ს ფარგლებში გადაიცა და ცუნამით დაზარალებული აზიის მოსახლეობისთვის თანხის შეკრებას ითვალისწინებდა.
მადონას მეათე სტუდიური ალბომი, 2005 წლის გრემის მფლობელი „Confessions on a Dance Floor“, რომლის გაყიდვებმა 8 მილიონი შეადგინა, საცეკვაო სიმღერების უწყვეტი მუსიკალური მიქსის სახით გამოვიდა. მასში შესული იყო 1970-იანი წლების და თანამედროვე საცეკვაო მუსიკიდან ნასესხები ელემენტები. 1998 წლის „Ray of Light“-ის შემდეგ, ეს იყო პირველი ალბომი, რომელსაც ასეთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსების თქმით, ეს ჩანაწერი ცხადყოფს, რომ მომღერალი „American Life“-ის შემდეგ, ფორმაში ჩადგა. ალბომიდან ოთხი სინგლი გამოვიდა: „Hung Up“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა, რომელმაც პირველი პოზიცია რეკორდულ, 41 ქვეყნის ჰიტ-აღლუმში დაიკავა. ამ სიმღერით მადონამ 2006 წლის გრემის დაჯილდოება გახსნა, სადაც აკომპანემენტს კომპიუტერით შექმნილი ჯგუფი „Gorillaz“ უწევდა. მოგვიანებით, გაერთიანებულ სამეფოში სიმღერა „Sorry“ მადონას მეთორმეტე ნომერ 1-ლი ჰიტი გახდა, რაც ბრიტანული ჰიტ-აღლუმების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო სოლო მომღერალი ქალისთვის. მესამე სინგლი, „Get Together“ გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო 10-ეულში მოხვდა, ხოლო აშშ-ში მის ოცდამეთექვსმეტე საცეკვაო ნომერ 1-ლ ჰიტად იქცა , მაგრამ ბილბორდის სინგლების საუკეთესო 100-ეულში ვერ მოხვდა. მეოთხე და ბოლო სინგლი ამ ალბომიდან იყო სიმღერა „Jump“, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმებში მეცხრე პოზიცია დაიკავა. „Forbidden Love“-მა,
იმის მიუხედავად, რომ იგი არ ყოფილა ოფიციალურად გამოსული,
თაყვანისმცემლის გაკეთებული ვიდეოს წყალობით, ასევე პოზიტიური გამოხმაურება
დაიმსახურა. კლიპის ნახვა როგორც ინტერნეტში, ისე რამდენიმე იაპონურ
ტელეარხზეა შესაძლებელი. 2006 წლის ბოლოსთვის, მადონა იბეროამერიკის ქვეყნებში ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო შემსრულებლად აღიარეს.
2006 წლის ზაფხულში, მადონამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, ის H&M-ის სახე გახდა. კონტრაქტი მადონას დიზაინით დამზადებული სპორტული ტანსაცმლის გამოშვებასაც ითვალისწინებდა. მომდევნო წელს „მადონასეული M“ აშშ-ში და მის გარეთ გავრცელდა.გამოსვლიდან პირველ კვირას, ტანსაცმლის ხაზმა 15 მილიონიანი მოგება
მოიტანა. ეს ხაზი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კომპანიამ 2007 წლის
ბოლოსთვის მადონას მეორე და მესამე ხაზის დამზადება შეუკვეთა.
მადონას Confessions Tour
2006 წლის ბოლოს დაიწყო. კონცერტების სერიამ ორგანიზატორებს 260 მილიონი
დოლარი მოუტანა და ისტორიაში ქალი შემსრულებლის მიერ გამართულ ყველაზე
შემოსავლიან ტურნედ დასახელდა. კონცერტებს, მსოფლიოს მასშტაბით, 1,2
მილიონი ადამიანი დაესწრო. ტურნეს სკანდალის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია — მადონამ თავისი სიმღერის, „Live to Tell“-ის წარმოდგენისას ისეთი რელიგიური სიმბოლოები გამოიყენა, როგორებიცაა ჯვარცმა და ეკლის გვირგვინი. ტურნე მე-60 კონცერტით, 2006 წლის 21 სექტემბერს ტოკიოში დასრულდა. 2007 წლის იანვარში კი კონცერტის ამსახველი CD+DVD „The Confessions Tour — Live from London“ გამოვიდა.
2006 წლის ოქტომბერში, „მალავის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, მის მიერ დაარსებული ობოლ ბავშვთა სახლის მშენებლობლობაში დასახმარებლად, მომღერალი მალავიში გაემგზავრა. იქ ყოფნისას, მან შვილად აიყვანა მალაველი ბიჭი, სახელად დევიდი. 2007 წლის 16 მაისს გამოვიდა მადონას სიმღერა „Hey You“, საქველმოქმედო კონცერტის — Live Earth-ის მხარდასაჭერად. ამჟამად მადონა თავის პირველ ფილმს „სიბილწე და სიბრძნე“ იღებს. პარალელურად, ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც 2007 წლის ნოემბრისთვის უნდა გამოვიდეს. მადონას შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური სამი CD და ორი DVD,
რომელიც მუყაოს ყუთში იქნება მოთავსებული, 2007 წლის ოქტომბრისთვის
გამოვა. მადონა ასევე მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მალავის
მოსახლეობის პრობლემებსა და გასაჭირზე მოგვითხრობს. მომღერალმა თავისი
სიმღერა „Hey You“ 2007 წლის 7 ივლისს ლონდონის უემბლის სტადიონზე მოწყობილ კონცერტზე შეასრულა, რომელიც Live Earth-ის ფარგლებში გაიმართა. კარიერული მიღწევების მიუხედავად,
კარიერის დასაწისიდანვე მადონა ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. მის
შესახებ ერთი გამოკვეთილი აზრი არ არსებობდა: თუ მუსიკის კრიტიკოსების ერთი
მხარე მის არტისტულობას ეჭვქვეშ აყენებდა, დანარჩენებმა იგი „პოპის
დედოფალად“ აღიარეს. მადონას სიმღერის ტექსტებიც რამდენიმე მათგანმა
მარტივად ან გნებავთ, სულელურადაც მიიჩნია, როდესაც მეორე მხარე მადონას ნიჭიერ ვოკალისტად და კომპოზიტორად თვლის.
ძირითადად, კრიტიკის სამიზნე მადონას ხმა და მისი ვოკალური დიაპაზონი
ხდება, რომელსაც ისინი სუსტად, შეზღუდულად და მანერულად მიიჩნევენ. ამას
გარდა, მას ხშირად აკრიტიკებენ ეგოცენტრიზმის, საზოგადოებით მანიპულირების
და ეპატაჟის გამოწვევის პროვოცირების ტენდენციების გამო. ჯონი მიჩელმა
ერთხელ განაცხადა: „მან სცენიდან ნიჭიერების აუცილებლობა განდევნა. ის
ხელოვნურია. ბევრი ფული გააკეთა და საჭირო ხალხის დაქირავებით, მსოფლიოს
უდიდეს ვარსკვლავად იქცა“. გართობის ინდუსტრიის ისეთ პოპულარულ მოღვაწეებს, როგორებიცაა ჯენეტ ჯექსონი, უიტნი ჰიუსტონი და მერაია კერი,
აგრეთვე გამოუთქვამთ უკმაყოფილება მისი არტისტული შესაძლებლობების გამო,
უგულვებელყვეს იგი ან გააკრიტიკეს მისი იმიჯი და ნამუშევრები. მადონას კარიერის მანძილზე ყველაზე მძიმე კრიტიკა მოჰყვა მის 1989 წლის მუსიკალურ ვიდეოს სიმღერაზე „Lika a Prayer“, წიგნ „სექსი“-ს პუბლიკაციას, 1992 წლის ალბომს „Erotica“, 2006 წლის მუსიკალურ ნომერს „Confessions Tour“-იდან სიმღერაზე „Live to Tell“ და იმავე წელს, მალაველი ჩვილის — დევიდ ბანდას შვილად აყვანას. თავისი კარიერის მანძილზე, მან არაერთხელ გაილაშქრა რომის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ, რის გამოც წარსულში მადონა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა. 1990 წელს, როდესაც მადონა თავისი „Blond Ambition Tour“-ის ფარგლებში, იტალიას ეწვია, პაპმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, რომ კონცერტებზე წასვლისგან თავი შეეკავებინათ. მან მადონა კათოლიკური ეკლესიის შეურაცხყოფაში და მკრეხელობაში (რაც იტალიაში დანაშაულად ითვლება) დასდო ბრალი. რომაული კათოლიციზმის გულმხურვალე დამცველთა კერძო ორგანიზაციამ — „ფამილია დომანიმაც“, პაპის მსგავსად, პროტესტი გამოთქვა შოუსთან დაკავშირებით, სექსუალური ხასიათის ქარაგმების და ეროტიზმის გამო. ამის პასუხად, 1990 წელს იტალიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მადონამ განაცხადა: „მე იტალიური წარმოშობის ამერიკელი ვარ და ამით ვამაყობ.“ ჟურნალ „როლინგ სტოუნთან“
ინტერვიუში, მადონამ აღნიშნა, რომ პაპის რეაქციამ მას ძალიან დაწყვიტა
გული, „იმიტომ, რომ იტალიელი ვარ, ხომ გესმით“; ხოლო იმავე წელს მიცემულ
სხვა ინტერვიუში განაცხადა, რომ კათოლიკურ აღმსარებლობაზე უარი თქვა, ვინაიდან ეკლესია „სრულიად გმობს სექსს… და მას მხოლოდ გამრავლების ფუნქციას უტოვებს“. 2006 წლის ზაფხულში მადონამ ვატიკანის ოფიციოზის კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც იგი რომს ამჯერად თავისი „Confessions Tour“-ის ფარგლებში ეწვია. ვატიკანის ოფიციოზი ამტკიცებდა, რომ მადონას საკონცერტო ნომერი, სადაც იგი ჯვარზეა გაკრული და თავზე ეკლის გვირგვინი
აქვს, კათოლიციზმის წინააღმდეგ მიმართული აშკარა თავდასხმა იყო. ამიტომაც,
ამ საკონცერტო ნომრის წარმოდგენა არ შეიძლებოდა განხორციელებულიყო იმავე
ქალაქში, სადაც პაპის რეზიდენციაა.
დოკუმენტურ ფილმში „იტალიელები ამერიკაში — ჩვენი წვლილი“, ავტორი გეი ტალეზე
მადონას ამბოხს კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მომღერლის იტალიურ ფესვებს
უკავშირებს. ტალეზე ამტკიცებს, რომ მადონას წინაპრები მამის მხრიდან სამხრეთ იტალიის იმ რეგიონიდან არიან, რომელსაც კათოლიკური ეკლსესიის წინააღმდეგ ამბოხის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მისი „ამბოხების“ მიუხედავად, მადონას ორივე ბიოლოგიური შვილი მან რომის კათოლიკურ ეკლესიაში მოანათვლინა.
მადონა ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფებმაც გააკრიტიკეს ბეწვის ქურქების ტარების გამო, ხოლო მანამდე კრიტიკა თავის სახლში სანადირო წვეულებების მოწყობის გამო დაიმსახურა.

No comments:
Post a Comment