Thursday, January 29, 2015

მიხეილ ბულგაკოვი ,, ოსტატი და მარგარიტა"




,,არასოდეს სთხოვო ვინმეს რამე. არასოდეს. განსაკუთრებით იმას, ვინც შენზე ძლევამოსილია.“ რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი. ავტორი რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“. იგი გახლდათ უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი, რომელმაც მომავალ თაობას უკვდავი შემოქმედება დაუტოვა.ბულგაკოვმა რომანის წერა 1928 წელს დაიწყო. ნაწარმოების პირველი ხელნაწერი მან 1930 წელს დაწვა, რადგან მწერლური კარიერის პერსპექტივებს სსრკ-ში ვერ ხედავდა. 1931 წლიდან მან განაახლა წერა და მთავარ მონახაზს ექვს წელიწადში დასრულებული სახე მისცა. ბულგაკოვმა წერა გარდაცვალებამდე 4 კვირით ადრე შეწყვიტა, რის გამოც ნაწარმოები შეიცავს დაუსრულებელ წინადადებებს და არასრულყოფილ დასასრულს. თუმცა ეს მაინც არ არღვევს მის მთლიანობას, პირიქით ეს შეიძლება ერთგვარ მიმზიდველობასაც კი მატებდეს რომანს.
„-თუ ღმერთი არ არსებობს, ვინ მართავს ადამიანის ცხოვრებას და ზოგადად, მოვლენათა წესრიგს დედამიწაზე?
-ადამიანი თავად მართავს ამ ყველაფერს.
-მაპატიეთ, მაგრამ იმისთვის, რომ მართო საჭიროა გქონდეს გეგმა დროის მოკრძალებული მონაკვეთისთვის მაინც. მაშ ნება მომეცით, გკითხოთ, როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ყველაფერი თავად მართოს, როცა მას არამარტო ის არ შეუძლია, რომ შეიმუშავოს გეგმა დროის ისეთი სასაცილოდ მცირე მონაკვეთისთვის, როგორიცაა, ვთქვათ, ათასი წელი, არამედ ხვალინდელ დღეზეც კი ვერაა პასუხისმგებელი?“
რომანში მოვლენები ორ ძირითად დროში და სივრცეში ვითარდება, რომელთაგან ერთი უძველეს იერუსალიმს მოიცავს, მეორე კი თანამედროვე მოსკოვს. ვოლანდი, ანუ განკაცებული სატანა მოსკოვს ტურისტის ამპლუაში ეწვია. მისტიციზმის უზარმაზარი ტალღები, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვა, ამ ტალღათა დამანგრეველი თუ გარდამქმნელი ეფექტები ავტორმა თანაბარი ოსტატობით აღწერა. ამ ვიზიტისას ვოლანდი კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი ადამიანის სისულელისა და სიხარბის გარდა, თუმცა მან ეს ყველაფერი ისედაც შესანიშნავად იცის. ვოლანდისთვის ადამიანური სისულელის ყველაზე ნათელი დემონსტრირება ათეიზმია.

საბჭოთა კავშირში წიგნის პირველი სრულქმნილი ვერსია 1973 წელს გამოჩნდა, რომელიც 1989 წელს კიდევ უფრო დაიხვეწა. აღსანიშნავია ის პარალელები, რომელსაც ზოგიერთები რომანსა და თავისუფალი მასონების ნიშნებს შორის ავლებენ, რადგან წიგნში ხშირადაა აღწერილი მასონური რიტუალები და მიჩნეულია, რომ ბულგაკოვი ფლობდა ცოდნას მასონების შესახებ საკუთარი მამის, აფანასი ბულგაკოვის გავლენით, რომელიც იყო ავტორი წიგნისა „თანამედროვე თავისუფალი მასონიზმი“.


No comments:

Post a Comment