![]() |
მადონა ლუიზა ჩიკონე იგივე მადლონა გახლავთ ამერიკელი დენს-პოპ მომღერალი
და კომპოზიტორი, მოცეკვავე, მუსიკალური- და კინოპროდიუსერი და მსახიობია.
ცნობილია ინოვაციური მუსიკალური ვიდეოებითა
და საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით. ასევე, საკუთარ შემოქმედებაში
სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის
გამოყენებით. ჩვეულებრივ, მას „პოპის დედოფალს“ უწოდებენ.
მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით, „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად“ დაასახელა, ხოლო 2007 წელს, იგივე „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა" და მუსიკალურმა ჟურნალმა „ბილბორდმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად“ აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერეს „მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე“ მისმა მსოფლიო ტურნემ „Confessions Tour“-მა ორგანიზატორებს 260.1 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.
მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა ბეი სითიში, მიჩიგანი, აშშ. იგი მესამე ბავშვი იყო კრაისლერის ინჟინრის, იტალო-ამერიკელი სილვიო „ტონი“ ჩიკონეს და კვებეკელი მადონა ლუიზა ფორტინის რვაშვილიან ოჯახში (მისი დედმამისშვილებია: მარტინი, ენტონი, ქრისტოფერი, პაულა, მელანი, მარიო და ჯენიფერი).
ის დეტროიტის პერიფერიებში — პონტიაკსა და ეივონ თაუნშიფში (ამჟამად როჩესტერ ჰილზი), კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე — ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.
მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს — ქრისტოფერ ფლინს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა. პარალელურად, იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი და მხარდამჭერი რაზმის წევრი იყო.1982 წელს მადონამ შეერთებულ შტატებში, ხმისჩამწერ კომპანია „საია რეკორდსთან“ (ახალი ტალღის ლეიბლი, რომელიც „უორნერ ბრაზერს რეკორდსს“
ეკუთვნოდა) სინგლების გამოშვებაზე კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ მას თითო
სიმღერისთვის 5 000 აშშ დოლარი გადაუხადა. მადონას პირველმა სინგლმა „Everybody“, რომელიც მომღერალმა თვითონვე დაწერა და რომლის პროდიუსერიც მარკ კამინსი იყო, „ბილბორდის“ საუკეთესო საცეკვაო და საკლუბო მუსიკის ჰიტ-აღლუმების ლიდერად იქცა, თუმცა იმავე „ბილბორდის“ საუკეთესო ასეულში ვერ მოხვდა. ამ სიმღერას ასევე აშშ-ს რიტმ-ენდ-ბლუზ რადიოსადგურები გადასცემდნენ, რის გამოც ბევრს ეგონა, რომ მადონა შავკანიანი მუსიკოსი იყო. 1983 წელს გამოსულმა ორმხრივმა 12-ინჩიანმა ვინილის სინგლმა, რომელშიც შესული იყო „Burning Up“
და „Physical Attraction“, აშშ-ს საცეკვაო მუსიკის ჰიტ-აღლუმების
სათავეები დაიპყრო. ამ შედეგებმა „საია რეკორდსის“ ხელმძღვანელობა
დაარწმუნა იმაში, რომ ალბომის გამოშვება უნდა დაეფინანსებინათ.




